Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: ODIHR-ის მესიჯია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მიმართავს, დათანხმდეს მმართველი პარტიის შეთავაზებას 2020 წლის არჩევნების შერეული, 100/50 - ზე პრინციპით ჩატარების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, არჩევნები არსებული 77/73-ზე პრინციპით გაიმართება. აღნიშნული გაფრთხილება ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებს ეუთო-ოდირის დასკვნის კომენტირებისას მისცა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დასკვნაში ორი მესიჯი იკვეთება:

ერთი რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის მკაფიოდ არის მითითებულია ისიც, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. და ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით რომ საარჩევნო წლის განმავლობაში არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა-რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100-50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ე.წ. ეუთო-ოდირის ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის შეფასების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ოდირი დასკვნაში ცალსახად ამბობს, რომ ვერ შეაფასებს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციურობას:

ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან - ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით - ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და მეორე - მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო ამ თხოვნით. ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა რეალურად ოდირმა ჩვენს ოპოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

5 თებერვალს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისის მიერ მომზადებული დასკვნა ოპოზიციის მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ეხება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას. კერძოდ, არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარების კონსტიტუციურობას.

ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ქვეყნის სუვერენული უფლება და კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG