Accessibility links

site logo site logo

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დამტკიცდა


საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასთქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კოპიტნარის სადგურს, ასევე აშენდება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი და აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის დამაკავშირებელი გზა.

აქამდე თბილისისა და ბათუმის რკინიგზის სადგურებიდან მოძრავი ჩქაროსნული მატარებული კოპიტნარის სადგურში არ ჩერდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება კოპიტნარის სადგურში ჩქაროსნული მატარებით ჩასვლა, საიდანაც აეროპორტში მგზავრებს შატლები გადაიყვანს.

ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავიამგზავრებს მომსახურებას უფასო შატლებით გაუწევს, რომლებიც აეროპორტსა და რკინიგზის სადგურს შორის პერიოდულად იმოძრავებენ.

„მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და "საქართველოს რკინიგზის" დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპუატაციაში. დღევანელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება ჩვენი რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა, რაც მთავარია დღეს დამტკიცდა ეს პროექტი.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის განხორციელებაში სამი მხარე მონაწილებს:

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს ამ ორ ობიექტს საერთაშორისო აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმდაგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს. ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის“, - აცხადებს ნათია თურნავა.

საუბარია 1,5 კმ -იან მონაკვეთზე, თუმცა ნათია თურნავას თქმით, ეს პროექტი "კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოშიც ცნობილი ავიაკომპანიებს ბაზრების ადგილი”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG