Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, მივესალმები თუ დაბრუნდება


თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა შეცდომა იყო და მიესალმება, თუკი მას მხარდაჭერა ექნება და პოსტზე კვლავ დაბრუნდება. 6 თებერვალს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან წასვლას დღეს უფრო მკაცრად აფასებს, ვიდრე მაშინ.

მე წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. იმიტომ რომ, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე, კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში, ან რომელიმე ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ, არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი.

მისი გადადგომა იყო შეცდომა, ეს ხმამაღლა ვთქვი, თუმცა მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი. მე ამას დღეს უფრო მკაცრად ვაფასებ და მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

საპროკურორო საბჭომ დღეს, 6 თებერვალს უნდა შეარჩიოს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამი კანდიდატი. საბჭო კენჭისყრა საბჭოში 14 საათზე იყო დანიშნული. სხდომა ჯერ არ დაწყებულა.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან 27 იანვარს დაწყებული ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.

საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG