Accessibility links

უკრაინაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მიწის შესახებ კანონპროექტის განხილვა


საპროტესტო აქცია "ვერხოვნა რადას" წინ

უკრაინის ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდიუმის ბლოკირება მოახდინეს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ, რომლის ინიციატორია ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ „ვერხოვნა რადას“ სპიკერის, დმიტრი რაზუმკოვის, ადგილი დაიკავა, რათა არ დაუშვას საკითხის კენჭისყრაზე დაყენება.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს სესიის დაწყებამდე, „ვერხოვნა რადაში“ მივიდა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც მმართველი „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებს შეხვდა და მოუწოდა მომხრეებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირონ კანონპროექტს.

სადავო კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა შეეძლებათ როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე უკრაინაში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და უკრაინელ მოქალაქეებს.

რაც შეეხებათ უცხოელ მოქალაქეებს, სასაოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლება მათ მხოლოდ კანონის რეფერენდუმზე გატანის შემდეგ მიეცემათ.

ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა, 52 %-ი არ ემხრობა მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმებას, ხოლო 64%-ი მომხრეა, რომ სადავო საკითხის გარშემო გაიმართოს რეფერენდუმი.

„ვერხოვნა რადაში“ სადავო კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე საკანონმდებლო ორგანოს წინ რამდენიმე ასეული მოქალაქე და ოპოზიციის მომხრე შეიკრიბა.

პარტია „ბატკივშჩინის“ გარდა კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, პარტია „ევროპული სოლიდრობა“, პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ და დეპუტატთა ჯგუფი -„მომავლისათვის“.

მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“, ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მმართველ ძალას საკმაო მომხრე ჰყავს სადავო კანონპროექტის მეორე წაკითხვით მისაღებად.

ამ დროისათვის, უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პრეზიდიუმის ბლოკირების გამო, "ვერხოვნა რადას" სხდომა შეწყვეტილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG