Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციაში სპეკულაციად აფასებენ ეუთოს დასკვნაზე "ქართული ოცნების" განცხადებებს


საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათ მიერ „ქართული ოცნებისთვის“ შეთავაზებული სისტემის კონსტიტუციურობის მიმართ ეუთოს შეკითხვები არ აქვს.

"ეუთო ამბობს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იგი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში. ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი როგორიცაა ბიულეტენის შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე დღე ზედმეტი ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ასეთი საკითხები“, - თქვა დღეს, 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

მან აკვიატებული უწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემა არაკონსტიტუციურია: „გვეუბნებიან, აბა, სად წერს ეუთო რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება?!ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასამართლო წყვეტს ნებისმიერ დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არც ერთ საკითხს არ სვამს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო. იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მორიდებია და დოკუმენტში ჩაწერა“.

"ამიტომ, საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციური არის, თუ არა და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე როგორ ფიქრობს, არის სპეკულაციური“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ მოქმედი კონსტიტუციით, 73 მაჟორიტარია დადგენილი და არსებული კანონმდებლობით 73 მაჟორიტარი აირჩევა ერთმანდატიანი, ხოლო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით - მრავალმანდატიანი სისტემით: „ანუ, მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში, ანუ კონსტიტუციურობის ფარგლებშია ჩვენი პროექტი“.

კახიძის თქმით, ეუთოს შეფასებაა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელს სჭირდება ორგანული კანონის და არა კონსტიტუციის შეცვლა.

"ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ეუთოს დასკვნა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG