Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსის სავარაუდო ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტია მოთავსებული


ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს, როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინე ენდელაძე ეუბნება, პაციენტს ტემპერატურა და ვირუსის სხვა ნიშნები უფიქსირდება. ის თბილისში შაბათს შანხაიდან, ჩამოვიდა და სხვა კლინიკაში იყო მოთავსებული.

მას უკვე აუღეს ანალიზები სხვადასხვა ინფექციებზე, რომლის პასუხებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღესვე ინფექიცურ საავადმყოფოში მოათავსეს ჩინეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნით პეკინიდან ჩამოვიდა 29 იანვარს და ბაკურიანსა და გუდაურში იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია მისი ანალიზების საბოლოო პასუხები.

მარინე ენდელაძის ინფორმაციით, ამ დროსთვის კლინიკაში სავარაუდო ვირუსის ნიშნებით, სულ 2 პაციენტია მოთავსებული.

წინა კვირების განმავლობაში ვირუსული ინფექციის ნიშნებით მოთავსებული 9 პაციენტი უკვე გაეწერა. ყველა მათგანთან ახალი კორონავირუსი გამოირიცხა.

„მათ შორის, ამ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტებით - ორი გაკეთდა როტერდამში, ჰოლანდიაში და დანარჩენი ჩვენს ლუგარის ცენტრში“, - ამის შესახებ მედიასთან საუბარში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 6 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 563-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია ინფიცირების 3694 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობა კი 28 018-ს შეადგენს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაავადების ასზე მეტი შემთხვევაა მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG