Accessibility links

ლომჯარია: პროკურატურამ უარი თქვა ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიების დაწყებაზე


ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისი თქმით, პროკურატურისგან ომბუდსმენის აპარატმა მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის ფაქტის გასაჯაროებაში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა:

„ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე ზეგავლენას. ნებისმიერი ფორმით იკრძალება სახალხო დამცველზე ზეგავლენა სისხლის სამართლის კოდექსით და ეს ზეგავლენა მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელშეშლას. ვფიქრობ, რომ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პროკურატურის წერილი იყო საკმაოდ დაუსაბუთებელი და არ ვიზიარებ ამ არგუმენტებს. ამ წერილს გამოვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი, რა არგუმენტებს მიმართავს პროკურატურა, როდესაც ის უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში („მატროსოვის ციხეში“) ნინო ლომჯარიას მისვლის შესახებ. სამსახურის ინფორმაციით, ლომჯარია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა თქვა, რომ „დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს“. ნინო ლომჯარიამ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG