Accessibility links

site logo site logo

თენგიზ ცერცვაძე: არის ალბათობა პაციენტი ინფიცირებული იყოს კორონავირუსით


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქე მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს. თუმცა ზუსტი დიაგნოზი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.

„ახლახანს, ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნებით ჩინელი შემოიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, როგორც ვიცი, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში, იყო ბაკურიანში და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, როგორც თვითონ გადმოგვცემს 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელთაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი... მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ და აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით და შემოვიდა ჩვენთან“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე სიტყვებით, პაციენტს ცალსახად მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არის ჩამოსული პეკინიდან, არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, ან შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსიც.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38,როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გვაქვს“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისი სიტყვებით, პაციენტს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას და გრიპზე გამოკვლევას ჩაუტარებენ.

„ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე“, - აცხადებსტენგიზ ცერცვაძე.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ასევე დაკვირვების ქვეშ იმყოფება,თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნება.

„ქალბატონი, რომელიც დღეს შემოვიდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ აღენიშნება რაიმე ისეთი ნიშნები. მისი ლაბორატორიული პასუხიც კორონავირუსზე, იქნება ხვალ, მაგრამ ამ ქალბატონთან დიდი ალბათობით არაფერი არ არის. ტემპერატურა აღენიშნებოდა დაბალი, 37.3 გრადუსი “,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 6 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 563-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულია ინფიცირების 3694 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობა კი 28 018-ს შეადგენს.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაავადების ასზე მეტი შემთხვევაა მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG