Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითიც ვამაყობთ


საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, - იტყობინება ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა სტუმრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა, საქართველოში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი, სრული თავისუფლება და ერთმანეთში ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულ სახეს ქმნის. საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ“.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა შეხვედრაზე „ხაზი გაუსვა ქართულ კულტურაში ოდითგანვე ასახულ იმ მოცემულობას, რომელიც ტოლერანტობასა და სხვადასხვა კულტურისა, თუ რელიგიის თემებს შორის არსებულ ურთიერთგაგებას ეხება“.

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე​ მნიშვნელოვანად და დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას და აცხადებს, რომ შეხვედრა საზოგადოებაში ჰარმონიული და ტოლერანტული გარემოს შექმნის სიმბოლო იქნება.

„საქართველო ოდითგანვე მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა იყო. ისტორიულად ამ ქვეყანაში ყველა - სხვადასხვა ეთნოსის და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ერთად, მეგობრულად და ძმურად ცხოვრობდნენ. ასეა დღესაც. ჩვენ ამით ვართ გამორჩეული, ეს არის ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც დაცვა სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - თქვა დასავლეთ საქართველოს მუფთმა.

შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG