Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავადმყოფოში გადაიყვანეს „ტვ პირველის" დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი


„ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ამავე არხის ეთერში თქვა, რომ მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

„დიაგნოზი ჯერ არ ვიცი, აბაზანაში ვიპოვე გულწასული“, - ამბობს ვატო წერეთელი, რომელიც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას პერმანენტულ სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

„ადამიანს ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 70 წლის კაცს, რომელსაც სიმსივნის 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, აქვს სტენტირება და დღეში ინსულინის 4 ნემსს იკეთებს, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში. ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობით და დაემართა ის, რაც დაემართა“, - აღნიშნა ვატო წერეთელმა და კონკრეტული შემთხვევაც გაიხსენა, - „დღეს [6 თებერვალს], რომ მოვიდა, მეუბნებოდა, უეჭველი მიჭერენო. მერე მითხრა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა, აბაზანაში გავიდა და რამდენიმე წუთში, როდესაც შევედი, უკვე უგონოდ იყო“.

შვილი ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ამ ადამიანის ჯანმრთელობას პირადად ვაკისრებ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, ის, რა მდგომარეობაშიც ახლა არის. ეს პირადად ხელისუფლების ბრალია. მერე არავინ დაიწყოს, რომ ზევიდან არიგებდნენ... ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა მოეთხოვება“, - თქვა ვატო წერეთელმა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას „ტვ პირველის“ გაჩერება სურს.

„გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი მედია. ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ ამის გამო“, - შენიშნავს არხის დამფუძნებელი.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს თიბისი ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG