Accessibility links

არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, წარმომადგენელთა პალატაში თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. მხარეებმა დემოკრატიის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

„მთავრობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია გვაკავშირებს, ვიდრე რომელიმე სხვა მხარესთან. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ საკითხებს, ვმსჯელობთ მათზე, თუმცა, ჩვენი პოზიციები, რომლებიც არსებულ საკითხებს ეხება, არ უნდა გავიაზროთ ისე, როგორც გაბრაზების, ან განაწყენების გამომხატველი გზავნილები, არამედ, როგორც მეგობრებს შორის ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების გამომხატველი ჟესტი. ჩვენ საქართველოს ჩვენი სამომავლო გეგმების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილად მოვიაზრებთ და იმედი მაქვს, საქართველოსაც იგივე ექნება სათქმელი ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ. ამრიგად, აღნიშნული გზავნილები ჩვენი დამოუკიდებელი და ობიექტური მოქმედების შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე სახის გზავნილები“, - თქვა, პრესრელიზის თანახმად, ადამ კინზინგერმა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც კინზინგერი აღნიშნავს, აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით მნიშვნელოვნად დაინტერესებულია და ერთ-ერთი უმთავრესი, რაც საქართველოზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, არის დიალოგის გაგრძელების გარდაუვალი აუცილებლობა, რაც, თავის მხრივ, არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის წინაპირობაა.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული საუბრები ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რაც ჩვენს საერთო ინტერესებშია და დიდ იმედს გამოვთქვამ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული. საკმაოდ კარგად მიდის ჩვენი ურთიერთობა და იმედი მაქვს, შეთანხმებასაც ერთობლივად მივაღწევთ. ერთი ცხადია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად, იმ დემოკრატიის, რომელიც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყო“,-განაცხადა ადამ კინზინგერმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში თალაკვაძის გარდა ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა შედის.

22 იანვარს საქართველოს მთავრობამ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილის ხელმომწერთა შორის იყო საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, „რესპუბლიკელი" კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG