Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის 2 მოქალაქე შეიყვანეს


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 2 მოქალაქე შევიდა.

„როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ისინი არიან ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან არ დაასახელა, რომელ მუნიციპალიტეტში და რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობაზე მუშაობდნენ ეს ადამიანები.

ამირან გამყრელიძემ დღეს, 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგებმა უკვე აიღეს სინჯები, იკვლევენ ამ ადამიანებს და დღეს გახდება ცნობილი, რა ტიპის ვირუსით არიან ისინი დაავადებულები.

ჩინელ მამაკაცს და ახალგაზრდა ქალს, რომლებსაც თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში 6 თებერვალს აუღეს სინჯი, ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

7 თებერვლის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 3143 ახალი შემთხვევა, მათ შორის, 962 მძიმე, გარდაცვლილია 73.

31 დეკემბრიდან მოყოლებული სულ დადასტურებულია ინფიცირების 31 161 შემთხვევა, დაიღუპა 636, გამოჯანმრთელდა 1540 ადამიანი. გარდაცვლილთა შორისაა ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG