Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია


ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით გენერალური პროკურორობის კანდიდატი გამოავლინა. საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ 4 კანდიდატიდან მხარი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს დაუჭირა. ირაკლი შოთაძეს, კერძოდ, ხმა მისცა საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა, სოფიო შენგელიას 1 ხმა ერგო, ხოლო ვალერიან ვაჭარაძესა და დარიკო თორდიას მხარი საპროკურორო საბჭოს არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა.

სხდომას საბჭოს 13 წევრიდან 12 ესწრებოდა - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, ოთარ კახიძეს.

გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე უყარეს კენჭი.

გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი გენერალურ პროკურორს უმრავლესობით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საპროკურორო საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა. საბჭოში მთლიანობაში 17 კანდიდატურის შესახებ შევიდა განაცხადი, თუმცა მოგვიანებით 2-მა კანდიდატურა მოხსნა. გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი საპროკურორო საბჭომ 6 თებერვალს გამოავლინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG