Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციურში მოთავსებული ორი მამაკაცის ანალიზის პასუხები ახალ კორონავირუსზე დღის ბოლოს იქნება


ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ენდელაძის განმარტებით, საავადმყოფოს ბოქსში 7 თებერვალს მოთავსებული ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თანახმად, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები, აღებულია ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტირებისთვის და შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მარინა ენდელაძე ჟურნალისტებთან ადასტურებს, რომ მამაკაცები საქართველოში, ახმეტის რაიონში ერთ-ერთი ჰესის მშენებლობაზე მუშაობენ და სამშობლოდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ:

„ერთი პაციენტი, 23 წლის მამაკაცი ჩამოვიდა 4 თებერვალს, დუბაის რეისით. ქვეყანაში შემოსვლისას მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ტემპერატურა არ ჰქონდა. მხოლოდ 6 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მატება და ტემპერატურასთან ერთად ჰქონდა ხველა“, - განაცხადა ექიმმა.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მეორე პაციენტი საქართველოში 29 იანვარს შემოვიდა:

„რეისი დოჰადან იყო. შემოსვლისას მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო 6 თებერვლამდე. ანუ გუშინ, მასაც აღენიშნა მხოლოდ ტემპერატურის მომატება და ისიც 37.3 გრადუსი, მეტი არა. ისიც გადმოყვანილ იქნა. კრიტერიუმებით ეს შესაძლო შემთხვევას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 2 მოქალაქე 7 თებერვალს შეიყვანეს.

ჩინელ მამაკაცს და ახალგაზრდა ქალს, რომლებსაც თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში 6 თებერვალს აუღეს სინჯი, ახალი კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება, დღემდე 636 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 31 ათასს აღემატება. დაახლოებით 1500 პაციენტის განკურნება მოხერხდა, იტყობინება ჩინეთის ხელისუფლება.

სასიკვდილო შედეგების უმრავლესობა ჩინეთში აღირიცხა. მთლიანობაში ვირუსი, სულ მცირე, 25 ქვეყანაში გავრცელდა. საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამის ნაპირთან ორკვირიან კარანტინზე დგას, კორონავირუსის დადებითი შედეგები აჩვენა 41 ადამიანის ანალიზებმა. ამგვარად, გემზე დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 61-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა შორისაა ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG