Accessibility links

site logo site logo

ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ძალების თანამშრომელი


საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც გამოძიება სამინისტროს კუთვნილი ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისებას ედავება. სამხედრო პოლიციის თანახმად, ჩადენილი დანაშაულის შედეგად თავდაცვის სამინისტროს 9 882 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

სამხედრო პოლიცია განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა პ.გ.-მ აღნიშნული დანაშაული მატერიალური საშუალებების მიღება-გაცემის უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით განახორციელა. გამოძიების თანახმად, მან მართლსაწინააღმდეგოდ თავის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული ნივთები მიითვისა.

გამოძიებამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ფეხსაცმელი და ფორმები სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის, თბილისის „ნავთლუღის ბაზრის“ სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას ან გაფლანგვას და სამსახურებრივ სიყალბეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბრალდებული პ.გ. სამინისტროში 2006 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლოს იგი ერთ-ერთი განყოფილების საწყობში ქონების მოვლა-შენახვასა და მატერიალური ქონების აღრიცხვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იყო.

ბრალდებულ პ.გ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG