Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტროს დავალებით ჩინეთიდან საქართველოს სამ მოქალაქეს ჩამოიყვანენ


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის საქართველოში გამოფრენის უზრუნველყოფა დაავალა.

სამინისტროს ცნობით, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ, 8 თებერვალს გამოფრინდება.

ოფიციალური ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, რომელმაც დეკემბერში დაიწყო ჩინეთიდან გავრცელება, დღემდე 636 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა 31 ათასს აღემატება. დაახლოებით 1500 პაციენტის განკურნება მოხერხდა, იტყობინება ჩინეთის ხელისუფლება.

სასიკვდილო შედეგების უმრავლესობა ჩინეთში აღირიცხა. მთლიანობაში ვირუსი, სულ მცირე, 25 ქვეყანაში გავრცელდა. საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამის ნაპირთან ორკვირიან კარანტინზე დგას, კორონავირუსის დადებითი შედეგები აჩვენა 41 ადამიანის ანალიზებმა. ამგვარად, გემზე დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 61-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა შორისაა ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG