Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს და აშშ-ს შორის ვერავინ ჩადგება შუაში


„საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. საქართველოს მომამავალს, გეგმებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის ამ გზით მიწოდება იყო სწორი გადაწყვეტილება და კარგი შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმებთან და არსებულ კითხვებთან დაკავშირებით მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია.

„არც შევმცდარვარ, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლა, კოლეგეთან პირდაპირი საუბარი იქნებოდა ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ მეტი გვეთქვა ჩვენს სამომავლო გეგმებთან კავშირებით, ასევე კითხვებზე, რომელიც ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს მიგვეწოდებინა მეტი ინფორმაცია და მეტი პასუხები, როგორც ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას შეესაბამება. მე შევაფასებდი ამ შეხვედრებს ძალიან კონსტრუქციულად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვერავინ ჩადგება შუაში, იქნება ეს რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში თუ იქნება ეს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა სწორედ ამის გაკეთებას“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა ოპოზიციის საქმიანობა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერა, კამპანიას ატარებდნენ აქ, ვაშინგტონში, თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვადასხვა საშუალებებით, ლობისტებით თუ სხვადასხვა აგენტების გამოყენებით, იმის ნაცვლად, რომ მივიდნენ, მოქალაქეებს უთხრან რას აპირებენ, მოქალაქეებს უთხრან პასუხები იმ მძიმე კითხვებზე, რომელიც მათ მიმართ არსებობს და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაშიც ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური კალენდარი, აქტიური საერთაშორისო აქტივობა, აქ მაღალი დონის ვიზიტები არის დაგეგმილი მომდევნო თვეებშიც და ჩვენ მაქსიმალურად პოზიტიურ ჭრილში წარვმართავთ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - ამბობს პარლამენტის სპიკერი.

არჩილ თალაკვაძის ვიზიტი აშშ-ში 5-10 თებერვალს იმართება. 6 თებერვალს მან პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახა კუჭავასთან ერთად შეხვედრები კონგრესში გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG