Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეთი კარგი კლიპი დიდი ხანია არ გინახავს


„იუტუბზე“, ამ ვიდეოს ქვემოთ ვიღაცამ დააკომენტარა - კევინ პარკერს ალბათ ხერხემლის პრობლემები აქვს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მთელს მუსიკალურ ინდუსტრიას მხრებით დაატარებსო.

ალბათ არც განსაკუთრებულად ორიგინალური ხუმრობაა და არც ბოლომდე მართალი. თუმცა, არც მაინცდამაინც ძალიან არასწორია. კევინ პარკერი, Tame Impala-ს სახელით აგერ უკვე რამდენი წელია ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად, საინტერესო და კარგ მუსიკას წერს.

ვიდეოკლიპებიც საინტერესო აქვს. აი ეს, ბოლო კი სუმთლად შედევრია. რამდენი ხანია, ასეთი ჭკვიანური და გონებამახვილური კლიპი არ მინახავს. თან, სიმღერას რომ ასე უხდებოდეს.

სიმღერას ქვია Lost in Yesterday – „გუშინდელ დღეში დაკარგული“. მოგონებებზეა. იმაზე, როგორ იქცევა საშინელი სინამდვილე ტკბილ მოგონებებად და როგორ შეიძლება ნოსტალგიამ დაგატყვევოს.

ვიდეოც ამ აზრს გადასარევად გადმოსცემს.კამერა დარბაზში წრიულად მოძრაობს. ჩაცმულობის მიხედვით 1970-იანი წლებია. რაღაცნაირი ღარიბული და დაძაბული ქორწილია - პატარძალი ორსულადაა, პატარა ტორტი აქვთ, ბართან ჩამომჯდარი ლოთი ტელევიზორში რბოლებს უყურებს, სცენის წინ მხოლოდ ერთი ადამიანი ცეკვავს...

თუმცა, ყოველ წრეზე ეს წვეულება სულ უფრო უკეთესი ხდება. პატარძალი უკვე აღარ არის ორსულად. ტორტი ყოველ უფრო და უფრო იზრდება. სცენის წინაც უკვე ბლომად ხალხი შეკრებილა.

ანუ, ყოველ ჯერზე ეს წვეულება უკეთესი გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში იყო.

აზრიც კარგი აქვს კარგადაც არის გადაღებული. რამდენჯერმე გინდება ნახვა, ყველა დეტალი რომ დაამუღამო. აი, მაგალითად თავიდან ვიღაც ბიჭი პატარძალს I love you-ო, ეუბნება (მეოთხე ნახვაზე დავინახე). შემდეგ წრეზე კი უკვე თავისი პარტნიორი ჰყავს.

ბოლოც კარგი აქვს. მოგონებებს სინამდვილე შეუვარდება და დაარბევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG