Accessibility links

logo-print logo-print

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება


9 თებერვალს აზერბაიჯანში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 125-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 1300-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.

მოელიან, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობას ისევ მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ აიღებს.

საპარამენტო არჩევნები წელს, ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ვადაზე ადრე დაინიშნა მას მერე, რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტის დაშლის განკარგულებას მოაწერა ხელი და დანიშნა ვადამდელი არჩევნები, რათა განესაზღვრა ის 125 დეპუტატი, რომლებიც დაიკავებენ ადგილს ერთპალატიან საკანონმდებლო ახალ ორგანოში.

2019 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი „რეფორმების მხარდასაჭერად“, შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა. პარტია, რომელიც ყოფილ პარალმენტში ადგილების უმრავლესობას ფლობდა, აცხადებს, რომ საჭიროა ცვლილება საკანონმდებლო ორგანოში, რათა ალიევის რეფორმების პროგრამა გატარდეს.

გავრცელდა ცნობები კენჭისყრის დროს ისეთი დარღვევების თაობაზე, როგორიცაა რამდენჯერმე ხმის მიცემა, ვიდეოგადაღებისას ხელის შეშლა საარჩევნო უბნებზე, დამოუკიდებელი მეთვალყურეთათვის ხელის შეშლა. ადგილობრივი დროით შუა დღისთვის ამომრჩეელთა აქტიურობა 27 პროცენტს შეადგენდა.

აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ მმართველ პარტიას იმედი აქვს, პარლამენტში ადგილების ორი მესამედის მოპოვების შედეგად გაიტანს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა ძალით შეძლებენ ალიევის ოჯახის კურსის გაგრძელებას.

აზერბაიჯანის პარლამენტს ძალაუფლება შეზღუდული აქვს. უფრო დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას პრეზიდენტი ფლობს.

პრემიერის თანამდებობას დიდხანს ფლობდა ალიევის ახლო მოკავშირე. თვითონ ილჰამ ალიევმა ძალაუფლება ჩაიბარა 2003 წელს მამისაგან, საბჭოთა მაღალი რანგის მოხელისაგან, რომელიც დიდხანს მართავდა აზერბაიჯანს. ილჰამ ალიევი აირჩიეს 2008, 2013 და 2018 წლებში. მან ძალაუფლების გაერთიანება მოახერხა, როცა 2009 წლის რეფერენდუმით გააუქმეს პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი და 2016 წელს კი პრეზიდენტობის ვადა გაზარდეს შვიდ წლამდე.

აქტივისტმა და ბლოგერმა, არჩევნებზე კადიდატმა, ბახთიარ ჰაჯიევმა, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, რომ მას არ მისცეს საშუალება ხმა მიეცა ბაქოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, რადგან აუხსნეს, რომ ალიევი აპირებდა ამ უბანში ხმის მიცემას. დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უშლიან ხელს საარჩევნო უბანზე პირებს, რომლებიც გადაღებას ცდილობენ.

სურაქსანსა და ჰოვსანში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შედეგად ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 9 თებერვალს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს 5,2 მილიონმა ამომრჩეველმა.

წინასწარი შედეგები 10 თებერვლისთვისაა მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG