Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ერთ-ერთ ვარიანტად მაჟორიტართა რაოდენობის 15-მდე შემცირებასაც განიხილავს


საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთ ახალ შეთავაზებად განიხილავენ პარლამენტის 135 წევრის პროპორციული, ხოლო 15-ის მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

„130-20-ზე თუ 135-15-ზე, თუ მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიური განხილვის ფაზაში ოპოზიციაში“, - უთხრა დღეს, 10 თებერვალს მედიას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია გაერთიანებულია ფუძემდებლური პრინციპის გარშემო - რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობით დეპუტატები უნდა ჰყავდეს პარლამენტში.

ოპოზიციის შეფასებით, ასეთ შესაძლებლობას არ იძლევა მმართველი პარტიის ბოლო შეთავაზება, 100 დეპუტატის პროპორციული და 50-ის მაჟორიტარული წესით არჩევა.

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული სისტემით.

15 საათზე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დაიწყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს, რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და რა წინადადებით წარდგება „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე, რომელიც უახლოეს ხანში უნდა ჩატარდეს.

დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. საქართველოს კონსტიტუცია სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2024 წლიდან ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება“ ამ სისტემის უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედებას დათანხმდა 2019 წლის ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო გამოსვლების დროს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციული არჩევნები იყო.

თუმცა, 2019 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრისას, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმები თავად „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან დააკლდა. ამას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG