Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას საარჩევნო საკითხზე კომპრომისის საკუთარი ვარიანტი აქვს


პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების მიერ შექმნილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჩიხში შესულად მიიჩნევს საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის ნაწილის და ხელისუფლების მოლაპარაკებას.

„14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება - ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დასაბრუნებლად“, - განაცხადა დღეს, 10 თებერვალს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეფასებით, კამათი ძირითადად, მიმდინარეობს არა ხალხის და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე, არამედ მანდატების რაოდენობაზე, რაც პოლიტიკურ ვაჭრობას ემსგავსება და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს.

ფრაქცია აუცილებლად მიიჩნევს კონსენსუსს და მისი მიღწევის ხელშესაწყობად გამოდის 4-პუნქტიანი კომპრომისული წინადადებით:

1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;

2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის;

3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის;

4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ აერთიანებს „ქართული ოცნების“ 6 ყოფილ წევრს: მარიამ ჯაშს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილს, გედევან ფოფხაძესა და ზვიად კვაჭანტირაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG