Accessibility links

site logo site logo

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს პროცესებს „TV პირველის“ გარშემო


კოალიციაში „მედიის ადვოკატირებისთვის“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „TV პირველის“ არსებობა მნიშვნელოვნად ცვლის მედიაგარემოს საქართველოში, თუმცა ამ არხის ჟურნალისტების და მენეჯმენტის სამუშაო გარემო ყოველთვის არ არის სათანადოდ დაცული ჩარევისაგან:

„2020 წლის 6 თებერვალს „TV პირველის“ დამფუძნებლების ოჯახის წევრის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაუწყებლის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, მამამ, ავთო წერეთელმა გონება სამსახურში დაკარგა, ის ნერვიულობდა მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და ვარაუდობდა, რომ მალე დააპატიმრებენ. ვატო წერეთლის შეფასებით, ეს სიცოცხლით ვაჭრობის პრეცედენტია. ის მიიჩნევს, რომ ევაჭრებიან თავისუფალ მედიას - „TV პირველს“ და ავთო წერეთელმა ამდენ სტრესს ვერ გაუძლო. ის პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს მათი არხის წინააღმდეგ ბრძოლას. მაუწყებლის გუნდი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად, ეს არხი დარჩება კრიტიკულ მაუწყებლად“.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ნაწილში, სადაც საუბარი იყო სამ, უპირობოდ შესასრულებელ მოთხოვნაზე, ორი საკითხი „TV პირველისა“ და „არტარეას“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხებოდა. კოალიცია მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას ჰგავდა და მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოძიებისათვის, რათა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავად ყოფილიყო გაცემული. კოალიცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ მაღალი საჭიროებისა, ხელისუფლებამ გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა.

„აღნიშნულის ნაცვლად კი ჩვენ ვხედავთ ამავე საკითხზე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს, რომელში მონაწილეობის ფონზე 2020 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანიის დამფუძნებლის ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. „TV პირველის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალია, რადგან ასევე კრიტიკული მდგომარეობაა სხვა დამოუკიდებელი მედიამენეჯერების და დამფუძნებლების საქმიანობის თავისუფლების შემთხვევებშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შეაჩეროს მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი რისკები და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების გარშემო წარმოქმნილ კრიზისებს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პროცესს: „ვწუხვართ, რომ აქამდე არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებს დაემატა ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანიც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG