Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იონათამიშვილმა შეაფასა ოპოზიციის გასვლა საარჩევნო თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებიდან


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შეწყვეტა ოპოზიციის არჩევანია.

„არ შეიძლება გაიგივება მოლაპარაკებების ეპიზოდის და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების. ეს ცხადია, ერთმანეთთან კავშირში არ არის. მოლაპარაკებების მაგიდასთან თითოეული ჩვენგანის ინტერესი უნდა იყოს, რომ შედგეს კონსენსუსი. თუ ადამიანები და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ამის გამო უარი თქვან მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია და არ იცოდნენ რა წინადადებით უნდა წარმდგარიყვნენ არა ჩვენთან და ზოგადად ევროპელი პარტნიორების წინაშე, არამედ ზოგადად, ქართული საზოგადოების წინაშე“, - თქვა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მიზანი არ იყო მოლაპარაკებები.

„ეს, მას შემდეგ გაცხადდა, რაც ეუთო-ს დასკვნა გამოქვეყნდა. ყველასი არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობის მიზანი იყო, ეჩვენებინათ რაღაც დესტრუქციული ქმედებები. ეს გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის არანაირ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან, გამოიყენეს მიზეზად იმისთვის, რომ მათ არ სურთ რაღაც მოლაპარაკებების გაგრძელება“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.

უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG