Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდებიან


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაემგზავრნენ სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის წევრებს შეხვდებიან. მათ შორის დეპუტატებს „ევროპის სახალხო პარტიიდან”, რომელმაც 4 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა.

სტრასბურგში კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სტრასბურგში ვიზიტისას შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად, მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტში გააკრიტიკეს 21 იანვარსაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების ნაწილმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის შეუსრულებლობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG