Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებას მოითხოვს


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქალაქო სასამართლოს მიმართავს და ითხოვს, მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სასჯელი მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე გადავადდეს.

გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური. ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებმაც დაადასტურეს პატიმრის დიაგნოზი - დისოციაციური მოტორული აშლილობა. როგორც მისი ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, თავად სასაჯელაღსრულების მედპერსონალიც უთითებს, რომ პატიმრის მდგომარეობა გაუარესებულია.

„სამედიცინო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქვედა კიდური უკვე 6 სანტიმეტრით არის ატროფირებული“, - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა სამართლიანობისა და ჰუმანიზმის საკმარისი რესურსი, რათა დეკანოზი შეეწყალებინა, რასაც გიორგი მამალაძე რამდენიმე თვე ელოდებოდა.

„ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო საავადმყოფოში და კომპლექსური მკურნალობა ჩაეტარებინათ, მათ შორის, ფსიქოთერაპიაც. სამივე ექსპერტიზის პასუხი ის არის, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და არსებითია მისი სასჯელის გადავადება, რადგან ციხის პირობები მისი დაავადების პროვოცირებას ახდენს“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მის ძმა ისე ავადაა, რომ: „თუკი საპატრიარქო არ ჩაერევა, გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლოს არ დარჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ პარალიზებული ადამიანი [ციხიდან] გამოუშვას“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ შეწყალებულ 5 მსჯავრდებულს შორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG