Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს ერთი კანდიდატი გამოაკლდა


სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჩიამ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის თაობაზე „აფხაზია-ინფორმი“ იტყობინება.

ამასთან, ის დე ფაქტო არჩევნებში მონაწილე არც ერთ კანდიდატს არ ემხრობა.

„არსებული ვითარება საზოგადოებაში სერიოზულ განხეთქილებასა და დაპირისპირებას მოწმობს. აფხაზეთის თითოეულმა მოქალაქემ, რიგითი მცხოვრებიდან დაწყებული, დამთავრებული საპრეზიდენტო კანდიდატებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა განხეთქილება დაძლიონ, მინიმუმ, არ დაუშვან მისი გაღრმავება. ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობების გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე, არ მივიღო მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში“, - აღნიშნა კვარჩიამ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 22 მარტს გაიმართება. კანდიდატების წარდგენა კი ხვალ სრულდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და პარტია „აკზაარას“ (ერთიანი აფხაზეთი) ლიდერი ლეონიდ ძაპშბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა მისი მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG