Accessibility links

logo-print logo-print

როჰანი რევოლუციის წლისთავზე თანამემამულეებს მოუწოდებს, იაქტიურონ საპარლამენტო არჩევნებში


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, 1979 წლის ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოსვლა გამოიყენა, რათა ირანელებისთვის მოეწოდებინა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ათეულათასობით ირანელი გავიდა თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში 11 თებერვალს ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ირანის ეკონომიკური პრობლემების და ხალხის მზარდი უკმაყოფილების ფონზე. ირანის ეკონომიკას ძლიერ დარტყმას აყენებს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა დატოვა ბირთვული შეთანხმება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის.

ხალხი, რომელსაც ირანის დროშები და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხემეინის პორტრეტები ეჭირა, შეიკრიბა თეირანის ცენტრალურ, თავისუფლების, მოედანზე, სადაც როჰანი გამოვიდა სიტყვით. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრაციები სხვა ქალაქებში - მაშჰადში, აჰვაზსა და ქერმანში.

როჰანიმ მოუწოდა ამომრჩევლებს, „ნუ იქნებიან პასიური“ 21 თებერვლის არჩევნებზე „შესაძლებელი ჩივილისა და კრიტიკის მიუხედავად“ მას მერე, რაც გუშაგთა საბჭომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ათასობით კანდიდატს, მათ შორის, 90 მოქმედ კანონმდებელს.„გთხოვთ, ნუ იქნებით პასიური“, მიმართა როჰანიმ ხალხს.

11 თებერვალი არის დღე, როცა ხომეინის მომხრეებმა ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლევი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს. ამ მოვლენით დაიწყო ირანში სასულიერო პირთა ხელისუფლება, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტს ითვლის. წლევანდელი წლისთავი ემთხვევა ურთიერთობების გამწვავებას ვაშინგტონთან, რომელიც 2018 წელს გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებიდან და თეირანს კვლავ დაუწესა ეკონომიკური სანქციები. თეირანმა ეტაპობრივად თქვა უარი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ აღარ იზღუდება 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა იანვარში გამწვავდა, როცა აშშ-მა სარაკეტო იერიშით მოკლა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG