Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდლიბში სირიის არმიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს


სირიის ოპოზიციური ძალების სარდლობის თანახმად, მათ იდლიბის პროვინციაში ჩამოაგდეს სირიის არმიის ვერტმფრენი. ოპოზიციური ძალები ამ რეგიონში იბრძვიან ბაშარ ალ-ასადის არმიის წინააღმდეგ. ვერტმფრენი, MI-8, ჩამოვარდა ქალაქ იდლიბის სამხრეთში, ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ ასადის მოწინააღმდეგეები. მფრინავი დაიღუპა და არაა ცნობილი, იყვნენ თუ არა ვერტმფრენში სხვა პირები.

გავრცელდა ვარაუდი, რომ ვერტმფრენი თურქეთის არმიამ ჩამოაგდო, თუმცა სირიის ოპოზიციური ძალები ამტკიცებენ, რომ ეს მათი ნამოქმედარია.

იდლიბში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი ძალები თურქეთის არტილერიის მხარდაჭერით ასადის ჯარის წინააღმდეგ კონტრიერიშზე გადავიდნენ. ასადს რუსეთი უჭერს მხარს.
თურქეთმა ბოლო ხანებში გააძლიერა თავისი ყოფნა იდლიბში, რომელიც სირიის ბოლო რეგიონს წარმოადგენს ევფრატის დასავლეთით, სადაც შეიარაღებული ოპოზიციაა გამაგრებული.

თურქეთის სამეთვალყურეო პუნქტებს ხშირად უშენს ცეცხლს ასადის ჯარი. 10 თებერვალს 6 სამხედრო იქნა მოკლული. თურქეთის სამხედროებმა სირიის არმიას თავის მხრივ დაუშინეს ცეცხლი.
ოფიციალურად თურქეთი და რუსეთი წარმოადგენენ იდლიბში ზავის გარანტს. თუმცა, ისინი სხვადასხვა მხარეს ემხრობიან, თურქეთი - ოპოზიციას, მოსკოვი - სირიის მთავრობას.
სირიის მთავრობის ჯარი ცდილობს იდლიბის დაკავებას და ამტკიცებს, რომ „ტერორისტებზე“ ზავი არ ვრცელდება. ბოლო ხანს მათ კარგ შედეგს მიაღწიეს, დაიკავეს ავტომაგისტრალი, რომელიც დამასკს ალეპოსთან აკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG