Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ, როგორ უპასუხონ რუსეთის სარაკეტო სისტემებს


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან ამ კვირაში, რათა შეაფასონ, როგორ უპასუხონ რუსეთის სარაკეტო სისტემებს, და ასევე იმსჯელონ სხვა თემებზე, მათ შორის, ავღანეთისთვის დახმარებაზე.

მინისტრები ბრიუსელში ორი დღით ჩავლენ 12 თებერვალს. ცივი ომის პერიოდში მიღწეულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) შესახებ შარშან ძალა დაკარგა. მის თანახმად, რუსეთსა და აშშ-ს ეკრძალებოდათ სახმელეთო მოკლე და საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის განთავსება.

ვაშინგტონი გამოვიდა ხელშეკრულებიდან რუსეთისთვის წაყენებული ბრალდების საფუძველზე, რომ მოსკოვი არღვევს შეთანხმებას და განათავსებს რაკეტებს, რომლებიც დოკუმენტით აკრძალულია.

მოსკოვის პასუხმა გააჩინა შეშფოთება, რომ შესაძლოა ახალი გამალებული შეიარაღება დაიწყოს.

„ნატოელი მოკავშირეები ერთად იდგნენ, როცა რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება“, თქვა სტოლტენბერგმა 11 თებერვალს პრესკონფერენციაზე, როცა მინისტრების შეხვედრის თემებზე ლაპარაკობდა.


გენერალური მდივნის თქმით, „9M729-ის ტიპის, ასევე SSC-8-ის სახელით ცნობილი რაკეტები“ ერთი გამოწვევაა, რომელიც ჩვენს წინაშეა და უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ვუპასუხოთ რუსეთის სარაკეტო სისტემების მთელ, ჩვეულებრივ და ბირთვულ რიგს, რომლებიც განთავსდა, ან მომავალში იგეგმება.

სტოლტენბერგის თქმით, მინისტრები იმსჯელებენ ნატოს მისიაზე ერაყში, დახმარება გაუწიონ ქვეყანას, რომ არ მოხდეს „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნება და განიხილავენ შესაძლებლობას, რა უნდა გააკეთოს ნატომ უფრო დიდ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოწოდება გამოთქვა, რომ ალიანსის მისიამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ერაყში.

ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებიც ჩავლენ ბრიუსელში, თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს აშშ-ის მეთაურობით მცდელობას, დასრულდეს კონფლიქტი და მოიძებნოს სამშვიდობო მოგვარების გზები.

ნატოს თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, რათა განიხილონ ამ ქვეყანაში რეფორმები და ნატოს მხარდაჭერის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG