Accessibility links

site logo site logo

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას სასჯელზე: პრეტენზიები განიხილება სტრასბურგში


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების გამო კრიტიკულ გამოხმაურებებზე გააკეთა კომენტარი. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომხელისუფლებამ არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოისმინა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში აღმოჩენილა, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ეს გამოხმაურება.

„ის რომ კონკრეტულ დროში დაემთხვა ეს ყველაზე მეტად არ აწყობს ხელისუფლებას, თუმცა ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უნდა იყოს გარკვეული პრეტენზიები ეს პრეტენზიები განიხილება ხოლმე ევროპაში, სტრასბურგში და არა საქართველოში“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით ხელისუფლება ვერ ჩაერევა სასამართლოს საქმიანობაში „იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესს საჩვენოდ ეს არ აწყობს“, ამიტომ პრეტენზიები მიმართული უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოსკენ. მისი სიტყვებით იმედია, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG