Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა


15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა.

მან მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესს ვერ დაესწრება და სურს სხდომა მის გარეშე ჩაატარონ.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანი თავს შეუძლოდ გრძნობს და მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების, საქმეზე ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელებსაც და მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ჩოლოიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

„საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, ასევე ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები, ასევე პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა დანაშაული“, - განმარტავს ლევან ქუთათელაძე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. გადაისინჯება მარიანა ჩოლოიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული გამომძიებლის ადვოკატები კი, ჩოლოიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ხოლო ალტერნატივის სახით, სასამართლოს შესაძლოა გირაო შესთავაზონ.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG