Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ეძებენ პოლიციელს და ყოფილ მსჯავრდებულს, RFE/RL-ის რეპორტიორის მანქანის დაწვის საქმეზე


უკრაინაში, ლვოვის გენერალური პროკურატურის ოფისი ეჭვობს, რომ პოლიციის მაიორი და იატაკქვეშეთში მოქმედი კრიმინალური პირი არიან ჩართულნი რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, ჰალინა ტერეშჩუკის მანქანის დაწვის საქმეში.

ლვოვის რეგიონის მთავარმა პროკურორმა, ირინა დიდენკომ, 11 თებერვალს მოაწერა ხელი საბრალდებო დოკუმენტებს ორი ეჭვმიტანილისადმი. ჟურნალისტის მანქანის დაწვის ბრძანების გაცემა ბრალად ედება 48 წლის ყოფილ მსჯავრდებულს, რომელსაც იატაკქვეშა კრიმინალურ სამყაროში შავი ბაზრის სქემებით და ლვოვის რკინიგზიდან საწვავის მოპარვით იცნობენ. დიდენკოს თანახმად, მასთან თანამშრომლობდა ლვოვის რეგიონის პოლიციის 43 წლის მაიორი, რომელმაც ცეცხლის წამკიდებელი პირი მოძებნა და მას ამ დანაშაულისთვის ფული გადაუხადა.

ორ ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. სასამართლოში მათი საქმეები წარიმართებოდა საკუთრების გამიზნული განადგურების ან დაზიანების ბრალდებით, რაც ექვსიდან 15 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას.

ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებაში 2000 წლიდან მუშაობს, ამბობს, რომ ცეცხლის წაკიდების დროს, 30 იანვარს, იეჭვა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა მის პროფესიულ საქმიანობას.

6 თებერვალს პოლიციამ ოდესაში დააკავა 19 წლის მამაკაცი, ჟურნალისტის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან 10 წლამდე ემუქრება პატიმრობა.

საქმეს ერთობლივად იძიებენ პროკურორები და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG