Accessibility links

logo-print logo-print

რომან გოცირიძე: ხელისუფლებას არანაირი დიალოგი არ სურს


რომან გოცირიძე

ოპოზიციაში დროის გაჭიანურების და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის განეიტრალების მცდელობად აფასებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ მოწოდებას დიალოგის განახლების შესახებ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას არავითარი დიალოგი არ სურს და ყველა მისი წინადადება იმიტაციაა.

„ისინი შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა და შემდეგ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება მომხდარიყო ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. უმკაცრესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ნაცად ხერხს მიმართოს, რაც არის სიცრუე, ორპირობა, მოტყუება, თვალის ახვევა. თურმე, დიალოგისკენ ახლა მოგვიწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს. ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა“, - უთხრა ჟურნალისტებს გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველიდან პოლიტიკურ სანაგვეში წავა: „ჩვენი გზა არის მძაფრი პროტესტის ფონზე, არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“.

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 10 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG