Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზად არის, საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს


„როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კონსორციუმის ცნობით, მისი საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

„კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში. მცდარია ყველა სხვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საწინააღმდეგო მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონსორციუმი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, მასთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატებისათვის.

„2020 წლის 23 იანვარს კონსორციუმმა სახელმწიფოს გაუგზავნა დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში შესვლა კონსორციუმთან, რათა დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაშინ როდესაც კონსორციუმი კვლავ მზად არის, გამოსავალი ეძებოს შექმნილი სიტუაციიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება, და სჯერა, რომ შესაძლებელია დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG