Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძეს სურს დიალოგის ფორმატში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ჩართვა


ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ილაპარაკა ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ. ის ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს და სურს, რომ დიალოგის ფორმატში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჩაერთოს.

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ არ აჩქარდეს ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებებში, ვინაიდან თებერვლის ბოლოს მოლაპარაკებების ფანჯარა დროში იწურება. თუ თებერვლის ბოლოს არ გვექნება საბოლოო შეთანხმება პარლამენტი ვეღარ მოასწრებს სათანადო სვლებს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში. ამიტომ, თებერვლის ბოლომდე დაველოდებით, რომ ოპოზიცია თავის საბოლოო პოზიციას გამოხატავს იმ შეთავაზებაზე, რაც იყო შეთავაზებული „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ თუ შეთანხმება არ შედგება, დღევანდელი მოცემულობით არჩევნები ტარდება ამჟამინდელი (73 - მაჟორიტარული მანტატი, 77 - პროპორციული) განაწილებით.

„თუ ოპოზიცია დაეთანხმება ჩვენს შეთავაზებას და შევა მოლაპარაკებების დეტალებში, მაშინ, არჩევნები ჩატარდება 100-50 განაწილებით (100 პროპორციული მანდატი, 50 - მაჟორიტარული), რაც არის მკვეთრად უფრო მორგებული ოპოზიციის მოთხოვნებზე იმასთან შედარებით, რაც დღეს წერია კანონმდებლობაში“, - მიიჩნევს თალაკვაძე. მისი თქმით, ფაქტია, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ოპოზიციამ ვერ მოახერხა თავისი კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. „იკვეთება სურათი, რომ მათ სჭირდებოდათ გარკვეული მიზეზი, რომ დაეტოვებინათ მოლაპარაკებების ფორმატი", - შენიშნავს სპიკერი.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წინადადებას. „მათ თქვეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ 100-50 განაწილებას. მათ კონკრეტული პირობები წამოაყენეს. ვფიქრობ, შემდეგი დიალოგის ფარგლებში თუ ის შედგება, ეს მოთხოვნები განვიხილოთ“, - ამბობს ის. გარდა ამისა, თალაკვაძე კონსულტაციების გამართვას აპირებს ფასილიტატორებთან, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჩაერთოს დიალოგის ფორმატში.

10 თებერვალს ფრაქცია „დამოუკიდებელმა მაჟორიტარები“ გამოვიდა წინადადებით, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას „100 პროპორციული/50 მაჟორიტარული" მოდელით.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტეს. უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ისინი „ქართული ოცნებისთვის“ შესათავაზებელ წინადადებას ამზადებდნენ.

„პირობითად ეს ბალანსი არის 130 (პროპორციული) და 20 (მაჟორიტარი). პირობითად რომ ვთქვათ, თუ [საარჩევნო სუბიექტმა] აიღო პროპორციულ ნაწილში 45%, შეუძლია 20-დან 5 მაჟორიტარი წააგოს“, - თქვა 10 თებერვალს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG