Accessibility links

logo-print logo-print

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა "სასაზღვრო" საკითხებზე შეხვედრები დაასრულეს


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი მნიშვნელოვანს უწოდებს განხილვას, რომელიც თბილისსა და ცხინვალში გაიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან უსაფრთხოების და ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საკითხებზე. ამის შესახებ კლაარმა ტვიტერზე დაწერა ჟენევის დისკუსიის კიდევ ორ თანათავმჯდომარესთან, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

12 თებერვალს თანათავმჯდომარეები თბილისში შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჟენევის დისკუსიებზე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელს, ლაშა დარსალიას, 11 თებერვალს კი ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს.

ტოივო კლაარმა ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუდმივად გახსნილი უნდა იყოს, რადგან ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი მიზანი ადამიანების კეთილდღეობაა. თავის მხრივ, ჯიოევმა განაცხადა, რომ „ლენინგორის რაიონში“ (ახალგორი) არანაირი ჰუმანიტარული კატასტროფა არ არსებობს და, რომ ქართულმა მხარემ უნდა გააუქმოს სოფელ ჩორჩანასთან არსებული საპოლიციო საგუშაგო.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების მიერ თბილისში, 12 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ჩაკეტილ ე.წ. გადასასვლელებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას“.

მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გახშირებული პროვოკაციების, მათ შორის, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების გამო. დარსალიამ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

საქართველოში ვიზიტამდე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჟენევაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელს, ანდრეი რუდენკოს შეხვდნენ.

ე.წ. საზღვარზე, ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 4 სექტემბრიდან, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე არსებული ვითარება სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მომდევნო, 51-ე რაუნდზე, რომელიც მარტის ბოლოსაა დაგეგმილი.

დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG