Accessibility links

site logo site logo

ევროპელი სოციალისტები მხარს უჭერენ ევროპარლამენტის მიერ გიგი უგულავას საქმის შესწავლას


"ევროპელი სოციალისტების პარტიის" ლიდერი სერგეი სტანიშევი

ევროპარლამენტარები „ევროპელი სოციალისტების პარტიიდან“(PES) მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას.

„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მოკავშირეა.

PES-ის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინიციატივა თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ბულგარელი ევროპარლამენტარი სერგეი სტანიშევი ამბობს, რომ მიესალმებიან ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. სტანიშევი მიიჩნევს, რომ მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ კოლეგები „სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან“ და „ევროპის სახალხო პარტიიდან“, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქმის არსის ზედმიწევნით შესწავლას და მეტი სიცხადის შეტანას.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ევროპარლამენტის არაერთი წევრისგან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG