Accessibility links

site logo site logo

"ქართული ოცნების" დეპუტატმა სტრასბურგში ილაპარაკა არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზანზე


თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები დაასახელა მთავარ მიზნად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სტრასბურგში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით. ჩვენი ხედვა ცალსახაა: პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს.

სტრასბურგში მისი გამოსვლის ტექსტი საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

სონღულაშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს პროგრესი დემოკრატიის, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მან მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დამტკიცება და ილაპარაკა საკონსტიტუციო რეფორმაზეც, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩვენი უმთავრესი მიზანია. დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, რომელიც 12 თებერვალს გაიხსნა, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ოპოზიციამ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" 10 თებერვალს შეწყვიტა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად დაწყებული მოლაპარაკება. მიზეზი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG