Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: სასამართლოს შეეძლო გაემტყუნებინა მარნეულის ყოფილი მერი


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე.

"ჩვენთვის ცნობილია საქმეში არსებული მასალები და მტკიცებულებები - ექსპერტიზები, მოწმეთა ჩვენებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, რომ თემურ აბაზოვი გაემტყუნებინა", - აცხადებს საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ თქვა, სასამართლოს პროცესების ბოლო ეტაპზე, პროკურატურამ დაუსაბუთებლად, საეჭვოდ შეუმცირა ბრალდება თემურ აბაზოვს:

"როგორც ჩანს მიდიოდა მოლაპარაკებები სხვადასხვა სტრუქტურებში და, ალბათ, ყველაზე ადრე პროკურატურასთან, რომ მას შეემცირებინა ბრალი, რამაც გავლენა მოახდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე."

სალაძის თქმით, აბაზოვი არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი მისი სტატუსის და როლის გათვალისწინებით. ამიტომ, საია "არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებას გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და მათ შორის ხელისუფლება ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს იმედს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს."

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი და მასთან ერთად ბრალდებული სამი პირი 12 თებერვალს გაამართლა.

აბაზოვს ბრალი ედებოდა ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში მოქალაქის მიმართ, რომელსაც "სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ ბოდიში მოახდევინეს და აიძულეს სახე საკუთარი შარდის სახეზე წასმა.

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG