Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ბრიუსელში სტოლტენბერგს შეხვდა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრო


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა, - იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესია და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ მექანიზმს წარმატებით იყენებს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლების პროცესზე, თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას. სხდომა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისიაში მონაწილე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

„ათწლეულზე მეტია, ერთ სულ მოსახლეზე და NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო NATO-ს ეგიდით მიმდინარე მისიების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ასევე, ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო მისიების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობას და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG