Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ოლეგ დერიპასკა ეჭვმიტანილია ვლადიმირ პუტინისთვის ფულის გათეთრებაში


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა ეჭვმიტანილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ფულის გათეთრებაში. Financial Times-ს მოჰყავს უცხოური აქტივების მაკონტროლებელი უწყების მიერ ბიზნესმენის ადვოკატებისადმი გაგზავნილი წერილი.

დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის ქონებას 3,6 მილიარდ დოლარად აფასებს. 2018 წლის გაზაფხულზე დერიპასკასა და მისი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები იქნა შემოღებული „ამერიკის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ სამოქმედო კანონის“ მიხედვით.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ 2016 წელს დერიპასკა „მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ იმ ადამიანად, რომლებიც ფლობენ აქტივებს და ათეთრებენ ფულს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელით“.

უწყების თანახმად, ბიზნესმენმა შეაჩერა ბირჟაზე ჯგუფ „გაზის“ გატანა, რათა დაეფარა ბიზნესში პუტინის ფულის მონაწილეობა. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ 2011 წელს ან უფრო ადრე დერიპასკას საქმიანი აქტიურობა პუტინის პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ფულადი ტრანსფერებისთვის გამოიყენებოდა.

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები ტყუილია. თავად დერიპასკამ განაცხადა, რომ აშშ-ს არავითარი ფაქტები არ წარმოუდგენია და ის მხოლოდ ჭორებით ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG