Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე თავდაცვის სფეროში, ასევე - ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე თავდაცვის რეფორმისა და უსაფრთხოების კუთხით.

„ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის წარმატების შედეგია ის, რომ არსებობს უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პენტაგონის ხელმძღვანელს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება. გიორგი გახარიამ ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. ადმინისტრაციის ცნობით, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და NATO-სთან თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG