Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მარნეულში გატაცებული გოგო სახლში დაბრუნდა, გამტაცებელი დაკავებულია


შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის მარნეულში 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს, გოგო კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გუშინ, 14 თებერვალს გაიტაცეს. სახალხო დამცველი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, გატაცების განსაკუთრებულ სისასტიკეზე საუბრობდა. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრიდან გატაცებულ გოგოს გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს. გოგო გატაცებისას საგანმანათლებლო კურსებიდან მოდიოდა. უფლებადამცველები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის საუკეთესო გზა დამნაშავის დროულად პოვნა, სათანადო დასჯა და გოგოს გაძლიერებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG