Accessibility links

logo-print logo-print

მაკრონი გამოდის რუსეთის მიმართ ახალი მიდგომის შემუშავების მოწოდებით


საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს დასავლეთის დემოკრატიების დესტაბილიზაციის მცდელობას, თუმცა ევროპას მაინც მოუწოდებს მოსკოვთან მიმართებით შეიმუშაოს ახალი მიდგომა.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ემანუელ მაკრონმა თქვა, ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ რუსეთთან ჩართულობისთვისო და გააკრიტიკა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ექვსი წლის წინ დაწესებული სანქციები.

საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მაკრონმა გაიმარჯვა, გამოირჩეოდა იმეილების, მათ შორის, გაყალბებული წერილების, მასობრივი გაჟონვით, მაკრონის კამპანიის საწინააღმდეგოდ. აშშ-ის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ გაჟონვას რუსი ჰაკერები ხელმძღვანელობდნენ. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა იაპონური კიბერუსაფრთხოების ფირმა.

თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს დასავლეთის დემოკრატიებში, მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სოციალურად კონსერვატიულ, ანტიევროპულ და ანტიმიგრანტულ პოზიციებს ეფუძნებიან.

"გარკვეული ჩარევა ყოველთვის იქნება", - თქვა მაკრონმა და დასძინა: "რუსეთი ძალიან აგრესიულია და ასეთადაც დარჩება. ... ჩვენ ძალიან მწირი ანტისხეულები მოგვეპოვება ამ ტიპის თავდასხმის წინააღმდეგ და ეს სისუსტეს წარმოადგენს".

მაკრონი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რუსეთთან გარკვეული ფორმით განახლდეს დიალოგი უკრაინის შესახებ და გააკრიტიკა სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის 2014 წლის მარტში და სეპარატისტების მხარდაჭერისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის აპრილში დაწყებულ კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"ეს არ არის პოლიტიკა, ეს სრულიად არაეფექტიანი სისტემაა", - განაცხადა მაკრონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG