Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის რუს ბიატლონისტს ჩამოართმევენ ოლიმპიურ ოქროს


ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, რუსი ბიატლონისტი, ევგენი უსტიუგოვი დისკვალიფიცირებული იქნება ანტისადოპინგო კანონების დარღვევის გამო. სპორტსმენს, და მასთან ერთად რუსეთის ნაკრებს, ჩამოერთმევათ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქრო.

34 წლის სპორტსმენს ბრალი ედება ანაბოლიკური სტეროიდის, ოქსანდროლონის მიღებაში. გაუქმდება შედეგები, რომლებიც სპორტსმენმა აჩვენა 2013 წლის 27 აგვისტოდან 2013-2014 წლების სეზონის დასრულებამდე. 2020 წლის 13 თებერვლიდან ის ორი წლით იქნება დისკვალიფიცირებული. გადაწყვეტილება დაეფუძნა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ 2013 წელს მოპოვებული მონაცემების ანალიზს.

უსტიუგოვთან ერთად დისკვალიფიკაცია მიენიჭა 33 წლის ბიატლონისტ სვეტლანა სლეპცოვას. მას პრეპარატ ოსტარინის მოხმარებაში სდებენ ბრალს. გაუქმდება მისი შედეგები, რომლებიც მან აჩვენა 2013 წლის 22 მარტიდან 2013-2014 წლების სეზონის დასრულებამდე. ამ პერიოდში მას პრიზები არ მოუგია.

ორივე სპორტსმენი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ლოზანაში განთავსებულ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რუსეთის სპორტი აღმოჩნდა მასშტაბური სადოპინგო სკანდალის ცენტრში - როცა გაირკვა, რომ რუსეთის სპორტსმენები, ხელისუფლების და საგანგებო სამსახურების ხელშეწყობით, შეჯიბრებების დროს მასობრივად არღვევდნენ ანტისადოპინგო წესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG