Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გამოდის მოწოდებით, ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს დონეცკსა და ლუგანსკში


უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ომით გაჩანაგებულ აღმოსავლეთშიც, მთელ დანარჩენ ქვეყანასთან ერთად, იქ კვლავაც მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება კიევის ბრძოლაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან.

"უკრაინაში ომი - ვიცი - არის ევროპაში ომი. ყირიმის ანექსირებასთან ერთად, ის უკვე იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც მეორე მსოფლიო ომი - უბრალოდ წარმოიდგინეთ!" - თქვა ზელენსკიმ.

"დღეს ჩვენი სურვილია, 2020 წლის ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნები გავმართოთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკის და ლუგანსკის კონკრეტული ადგილების ჩათვლით", - თქვა მან და დასძინა: "იგივე სურვილი გვაქვს ყირიმის ტერიტორიასთან მიმართებითაც".

"დონბასში ხალხს ესაჭიროება არჩევნები, რომლებსაც უკრაინა და მთელი მსოფლიო ლეგიტიმურად აღიარებს. ... და არჩევნები ასეთად ვერ ჩაითვლება, თუკი ის არ გაიმართება უკრაინის კანონთან შესაბამისად, სროლის ხმის ფონზე, ჩვენი საზღვრის [უკრაინის] მიერ გაუკონტროლებლად", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დეკემბერში, პარიზში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანია და საფრანგეთიც. მაგრამ მოლაპარაკებამ ვერ გამოიღო შედეგი კონფლიქტის გადაჭრასთან მიმართებით. ამ კონფლიქტს უკვე 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მის შედეგად მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლ-კარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG