Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის რეჟიმის მხარდაჭერა


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რუსეთს კვლავ მოუწოდებს, შეწყვიტოს სირიის რეჟიმის მხარდაჭერა, რათა ბოლო მოეღოს იმ ძალადობასა და „სისასტიკეს“, რასაც სირიის არმია სჩადის პროვინცია იდლიბში.

თეთრი სახლის თანახმად, 16 თებერვალს დონალდ ტრამპსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა იმ ფონზე, როდესაც ამ კვირაში მოლაპარაკების ახალი რაუნდი უნდა გაიმართოს თურქეთსა და რუსეთს შორის, რომლებსაც სირიის საკითხში განსხვავებული პოზიციები აქვთ. მოსკოვი მხარს უჭერს სირიის რეჟიმს, ხოლო თურქეთი - სირიელ მეამბოხეებს, რომლებიც იდლიბში არიან გამაგრებული.

რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ჯარებმა 16 თებერვალს მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს ალეპოს პროვინციაში და ხელთ იგდეს მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არსებული ბოლო დასახლებული პუნქტები.

თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს, რუსეთს მოუწოდებს, თვის ბოლომდე შეაჩეროს შეტევა იდლიბის პროვინციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა იმუქრება, რომ სამხედრო ძალას გამოიყენებს სირიის არმიის წინააღმდეგ.

გაეროს ცნობებით, დეკემბრიდან მოყოლებული, ალეპოს პროვინცია ბრძოლების შედეგად მიატოვა და იძულებით ადგილნაცვლად იქცა 800 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG