Accessibility links

logo-print logo-print

თალიბებმა ხუთი ავღანელი სამხედრო დახოცეს ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინის ფონზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, ხუთი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული იერიშის შედეგად.

„სამწუხაროდ, ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა მოწამებრივი სიკვდილით და სამი დაიჭრა“, - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს 17 თებერვლის განცხადებაში.

თავდასხმა 16 თებერვალს მოხდა ყუნდუზის პროვინციის შორა ხაკის რაიონში.

პროვინციის პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ბრძოლაში, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დანაკარგი განიცადა ორივე მხარემ.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ექსტრემისტებმა დახოცეს 19 ავღანელი ჯარისკაცი, გაანადგურეს ოთხი ჯავშანმანქანა და ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობა.

ამ თავდასხმის ფონია ძალადობის შემცირება და ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტა, რაზეც თალიბებმა ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს განაცხადეს თანხმობა. ავღანეთის და აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, ძალადობის შემცირება არის წინაპირობა სამშვიდობო შეთანხმებისა, რასაც აშშ-სა და თალიბებს შორის არა უგვიანეს 29 თებერვალს უნდა მოეწეროს ხელი.

თალიბების მხრიდან ძალადობის ერთი კვირით შემცირებას „ძალიან იმედისმომცემი“ უწოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა.

ამ თავდასხმის შემდეგ, გაურკვეველია, თუ როდიდან ამოქმედდება გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG