Accessibility links

logo-print logo-print

მამუკა მდინარაძე ხოშტარია-ბოკუჩავას პერფორმანსზე: მე მრცხვენია მათ მაგივრად


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების - ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას პროტესტს.

„ხომ გქონიათ ყველას მომენტი, როცა გრცხვენიათ სხვისი მოქმედების?! ეს მომენტი მქონდა მე მაგალითად. სახის დაკარგვის კონკრეტული მაგალითები ბევრი ვნახეთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო და გულწრფელად გეუბნებით, მე მრცხვენოდა სხვის მაგივრად და სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. „უკომენტაროდ“ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენა ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებდნენ გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განხილვას და მას ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG