Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - პარლამენტის წინ აქცია გაიმართა


პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობა კოლეგებმა გამოხატეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის თქმით, პროცესები, რომელიც აჭარის ტელევიზიაში ვითარდება, არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ის ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვეა საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა, სარედაქციო საქმიანობას ჩამოაშორონ. „მიამიტური იქნება ფიქრი იმაზე, რომ ეს არ არის დაგეგმილი პროცესი“, - აღნიშნავს კუპრაშვილი.

ქარტიამ აქციაზე „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს", საზოგადოებას შეახსენა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა: „მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა, ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას. ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ტელევიზიის დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

16 თებერვალს, საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG